ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა „უჯრედული ნეირომეცნიერება“ მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის მეცნიერების მიერ. პროგრამის მიზანია მულტიდისციპლინარული და მაღალინფორმაციული მიდგომების გამოყენებით, სტუდენტების აკადემიური დოქტორის დონემდე მიყვანა და მათი მომზადება უნივერსიტეტებში, სამეცნიერო ცენტრებსა და ინდუსტრიაში წარმატებული, დამოუკიდებელი სამეცნიერო კარიერისთვის უჯრედული ნეირომეცნიერების/ნეირომეცნიერების/ნანონეირომეცნიერების განხრით.
პროგრამა მოიცავს: (ა) თეორიულ ნაწილს, ნეირომეცნიერების, უჯრედის/მოლეკულური ნეირომეცნიერების და ნანონეირომეცნიერების უახლესი საკითხების სწავლებას, (ბ) ლაბორატორიულ კვლევებს, ფაკულტეტის წამყვანი წევრების მეთვალყურეობით, (გ) პრაქტიკულ კურსებს, უჯრედული ნეირომეცნიერების თანამედროვე მეთოდების გაცნობის მიზნით, (დ) ინფორმაციულ შეხვედრებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, უახლესი აღმოჩენების განსახილველად, (ე) თრეინინგებს, კრიტიკული აზროვნების და კვლევისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განსავითარებლად, (ვ) საერთაშორისო კოლაბორაციული ქსელის შექმნას, (ზ) ლექცია-სემინარებს თემაზე -„მეცნიერება, მეცნიერი და საზოგადოება“.
სადოქტორო პროგრამა „უჯრედული ნეირომეცნიერება“ საქართველოში პირველი პროგრამაა, რომლის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ცალკეული ნეირონის უნატიფეს აღნაგობას ნორმასა და პათოლოგიაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპიის, ელექტრონული მიკროსკოპიის, ელექტრონულ-მიკროსკოპული იმუნოციტოქიმიის და Array Tomography-ს სხვადასხვა მიდგომების გამოყენებაზე. ამჟამად ასეთი კვლევები მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში მიმდინარეობს. სადოქტორო პროგრამა „უჯრედული ნეირომეცნიერება“ ამ მეთოდების საქართველოში საბოლოოდ დანერგვის საწინდარია.
დოქტორანტურის დასრულებისას, სტუდენტებს ექნებათ (ა) ფართო ცოდნა უჯრედული, მოლეკულური და კლინიკური ნეირობიოლოგიის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ცალკეული ნეირონის ფიზიოლოგიური, მორფოლოგიური, მოლეკულური და ნანომახასიათებლების ჩათვლით, (ბ) ნეირომეცნიერების თანამედროვე კონცეფციების ცოდნა, (გ) თანამედროვე ნეირომეცნიერული ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის და (დ) სადოქტორო დისერტაციის თეზისების ფორმულირების უნარი, (ე) ჩვევები უჯრედული ნეირომეცნიერების რიგი თანამედროვე და მაღალინფორმაციული მეთოდების გამოსაყენებლად, (ვ) ადექვატური ცოდნა აკადემიურ ორგანიზაციებსა და ბიზნეს ინდუსტრიაში, უჯრედული ნეირომეცნიერების მიმართულებით, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებად.

